განცხადება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების და მისთვის აუცილებელი ადეკვატური სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის შესახებ
“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT” ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების და მისთვის აუცილებელი, დროული, სრულფასოვანი და დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის შეფერხების გამო.
ბოლო პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გახშირების ფონზე, გაიზარდა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დაკავებების შემთხვევები. Human Rights Watch-ის, Amnesty International-ისა და ევროკომისიის ანგარიშებსა და შეფასებებში მითითებულია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებაზე, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სერიოზულ გამოწვევებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების, წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.
ადამიანის უფლებების ასეთი მძიმე კრიზისის დროს განსაკუთრებით საგანგაშოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და პარტია “დროას” ლიდერის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მისი მკურნალი ექიმის შეფასებით, ელენე ხოშტარიას აღენიშნება როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური სახსრების დაზიანება, ძლიერი ტკივილი და გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ექიმის განცხადებით, ძლიერი ტკივილის გამო პენიტენციურ დაწესებულებაში პაციენტის სრულყოფილი სამედიცინო გასინჯვა ვერ მოხერხდა.
ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის ინფორმაციით, 2024 წელს მას თურქეთში დაუდგინდა რეაქტიული ართრიტი, თუმცა ამჟამად დაავადების კლინიკური სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. 2026 წლის აპრილში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევებით გამოვლენილია რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, მათ შორის გავა-თეძოს სახსრის ანთება. არსებული მდგომარეობა საჭიროებს დამატებით კვლევებს, სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას.
მკურნალი ექიმის შეფასებით, აუცილებელია ელენე ხოშტარიას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, რათა ჩატარდეს სრულყოფილი დიაგნოსტიკა, შეფასდეს შესაძლო რისკები და უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური მკურნალობა.
ჩვენ, როგორც წამების პრევენციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაცია, განსაკუთრებით საგანგაშოდ მივიჩნევთ, რომ დამოუკიდებელი სპეციალისტის მიერ რეკომენდებული დამატებითი კვლევების და მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მიუხედავად, აღნიშნული პროცესი დროულად არ არის უზრუნველყოფილი, რაც ქმნის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე, მათ შორის შესაძლო შეუქცევადი, გაუარესების რეალურ რისკს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 28-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის და გაეროს პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების (Nelson Mandela Rules) 24-27-ე წესების თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, პატიმრობაში მყოფი ყველა პირისთვის უზრუნველყოს აუცილებელი, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხოლო სპეციალიზებული მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში – სპეციალიზებულ დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სამედიცინო დახმარების დაგვიანება ან არასათანადო უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რეალური საფრთხე აქვს, ეწინააღმდეგება ადამიანის ჯანმრთელობის და ღირსების დაცვის ვალდებულებებს. სახელმწიფოს ამგვარმა უმოქმედობამ შესაძლოა წარმოშვას არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხი, ხოლო კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში – წამების აკრძალვის დარღვევის რისკი.
ამ ფონზე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც აჭიანურებს დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებას ან ქმნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების რისკს.
პატიმრობაში მყოფი თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის და ღირსების უფლების დაცვა სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებაა. ამ უფლების შეზღუდვა ან აუცილებელი სამედიცინო დახმარების დაგვიანება ვერ იქნება გამართლებული პოლიტიკური კონტექსტით და სხვა გარემოებებით.
GCRT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ელენე ხოშტარიას გადაყვანა დამოუკიდებელ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად;
- უზრუნველყონ სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება და ყველა საჭირო პროფილის ექიმის ჩართულობა;
- უზრუნველყონ ელენე ხოშტარიასთვის უწყვეტი, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
GCRT ასევე მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს შესაბამის სპეციალურ პროცედურებს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს და სხვა შესაბამის საერთაშორისო მექანიზმებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, რათა სათანადოდ დაცული იყოს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობისა და ღირსების უფლებები.
