ხარკი ველურ პირობებში
ავტორი: მეგი ქვეითაია
ჩემს ჯოჯოხეთზე როცა მიფიქრია, ნამდვილად ცივა, ტალახია, სიბნელეა და ორი ბავშვი მყავს მუხლებზე დასმული, რომლებიც უნდა გავზარდო, მათზე ვიზრუნო, დავიცვა. წყალი არ მოდის და არ ვიცი რა უნდა ვქნა. არც გამათბობელი მუშაობს და უკვე ყველა პლედი გადმოვიღე გასათბობად. ტირილსაც აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს გავხდები და არაფერი შეიცვლება, თან ბავშვები ტირილში მაჯობებენ.
ამ სცენის წარმოდგენისას ნამდვილი ზაფრვა მომიცავს ხოლმე, თუმცა ეს განცდა მაშინ იძენს სხვა ძალას და ახალ სიმაღლეებზე ადის, როცა ვიაზრებ, რომ აღწერილი ყოფა დედაჩემის ყოველდღიურობა იყო 1995 წლიდან.
მახსოვს ერთხელ ვკითხე, პამპერსებს რომელ აფთიაქში ყიდულობდით იმ დროს-მეთქი? გაეცინა, სად იყო თქვენს ბავშვობაში პამპერსიო.
გავბრაზდი ჩემს მეამიტობაზე და უფრო მეტად ზედაპირობაზე, რადგან საერთოდ არ მქონდა გააზრებული, ჩვენი დაბანაც კი რამხელა სირთულეს უკავშირდებოდა.
თუმცა იმას მივხვდი, რომ სიტყვები ‘პატრიარქატი’, ‘შინ შრომა დაუფასებელი და აუნაზღაურებელია’, ‘ზრუნვითი შრომის ვალდებულობა’ და ა.შ. მომენტალურად გაუფასურდა, ფერი დაკარგა და მათ წინ დედაჩემი დადგა, რომელსაც ყოველდღიური ბრძოლის გადატანა უწევდა, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო, ელემენტარული საარსებო გარემო შეექმნა.
ამ მიგნების გამო, დედობა დღემდე ვერ შეიფუთა ჩემთვის იმ ფრაზებით, როგორებიცაა ‘უდიდესი ბედნიერება ქალისთვის’ ან ‘ყველაზე დიდი განძი’. მართალია, დღევანდელ საქართველოში, სიტუაცია ამდენად ტრაგიკული აღარაა, თუმცა თვალი უნდა გავუსწოროთ იმასაც, რომ არსებული რეალობა, უფრო და უფრო ემსგავსება მარგარეტ ეტვუდისებურ უტოპიას.
მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე “მხევლის წიგნი” და შემდეგ, დაუყოვნებლივ ვუყურე სერიალსაც, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა. შთაბეჭდილება ცხადია უარყოფითი გაგებით. ეს განცდა კი რამდენიმე თვის წინ ცხადად განმიახლდა, როცა მომდევნო საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავდნენ პარლამენტში და ის აბორტის აკრძალვას ეხებოდა. წაკითხული თუ ნანახი მაინც შორს დგას, თითქოს ვერ გწვდება ახლა, ამ მომენტში, თუმცა ამგვარი რიტორიკის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოდან მას მომენტალურად შენს ცხვირწინ, კართან დააყენებს და იქ დაგიქცდის, რომ სახლში შემოსასვლელად სწორი დრო იხელთოს და შენს ოთახში დასახლდეს.
მართალია, 2024 წელს აღარ გვიწევს პირველად საარსებო საჭიროებებზე ფიქრი და ახლა წყალი და გათბობა არის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ მთავარი მაინც არ შეცვლილა – ქალი არის საშუალება, ერთი ძირითადი დანიშნულებით და ვალდებულებით, რომელიც ბავშვის გაჩენაა.
რამდენიმე კვირის წინ, როცა შორეულმა ნაცნობმა ქუჩაში ირონიული ტონით მკითხა, პასპორტი თუ გაქვსო და გაოცებულმა ვკითხე, რატომ მეკითხები, რა შუაშია-მეთქი? სიცილით მიპასუხა, ასაკი ხომ წერია იქ და რომ შეხედავ ხოლმე, არ ფიქრობ რომ დრო არისო?
27 წლისამ, ანუ სულ ერთი წელია, რაც ვისწავლე ამგვარ კომენტარებზე პასუხის გაცემა. აქამდე სულ ვშეშდებოდი და გონებაში ერთი კითხვა ჩნდებოდა – ახლა ვარ მზად იმისთვის რომ ამხელა პასუხისმგებლობა ავიღო, შევძლებ, გავუმკლავდები? პასუხი კი ყოველთვის დამაბნეველი იყო:
• ანუ არ ვიცი. ალბათ კი! მაგრამ თუ არა? მერე რა უნდა ვქნა? ცუდი დედა ვიქნები? ან ცუდი ქალი?
ამგვარი წნეხი ქალების მიმართ არახალია და სამწუხაროდ, ალბათ არც შემცირდება. პესიმიზმის საფუძველს კი მაძლევს როგორც საზოგადოების განწყობა, ასევე პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა უნდა შეგვეძლოს, რისი უფლება გვქონდეს და რას არ გვაპატიებენ ღვთის სახელით.
რთულია, იცხოვრო ამ გარემოში და უდარდელად იფიქრო ამ საკითხე, მაშინ როდესაც უყურე, რამხელა მსხვერპლი გაიღო დედამ შენი ბაღის დავალიანება რომ გადაეხადა, სასურველი წიგნი რომ ეყიდა შიმშილის და უშუქობის დროს, სკოლის ფორმა შეეკერა ლამფის შუქზე, სწავლის და ცხოვრების საშუალება მოეცა სტუდენტობის დროს. მნიშვნელოვანია, ხმამაღლა და დაუღალავად ვისაუბროთ იმ პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე, რომელსაც მშობლობა ჰქვია და არ ვუყურებდეთ ამგვარ თემებს ზედაპირულად და განრიდებულდ.
თუმცა, ქართული კონტექსტიც რომ დავივიწყო და ქალის ამ როლზე ვიფიქრო, მახსენდება მეგი ნელსონი და თავისი წიგნი “არგონავტები”, რომელშიც ის წერს:
“წარმოიდგინეთ, დედებმა, რომლებიც ველურ გარემოში თავიანთ ყოველდღიურ დედურ მოვალეობებს ასრულებენ, უცებ თავი რომ ასწიონ და მათზე მიშტერებული ბრბო დაინახონ, რომელიც მიწის თხილს ახრამუნებს”
ამ მნაკვეთის წაკითხვისთანავე მივხვდი დედობის უნივერსალურობას და იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ გზის გავლას როდის და სად გადაწყვეტ. ამიტომაც, ჩემს პასპორტში ჩაწერილ ასაკს როცა ვხედავ, ყოველთვის ვიცი, რომ ეს არის ხარკი. ხარკი ველურ პირობებში.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.