და მაინც, რა აწუხებთ გოგოებსა და ქალებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში?
ავტორი: სამირა ისმაილოვა – ორგანიზაციის “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა” თავმჯდომარე.
ქალთა უფლებები, ქალთა თანასწორობა დღესაც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ჩვენი ქვეყანაც ამ დღის წესრიგით ცხოვრობს. ძალიან ბევრი ქალი თუ ორგანიზაცია არის დაინტერესებული ამ საკითხით და მაქსიმალურად ჩართულია თანასწორი და თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად.
მე დავიბადე და გავიზარდე ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა თავისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, სადაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად სოფლად ცხოვრობენ.
19 წლის ასაკიდან ჩართული ვარ ეროვნული უმცირესობების განათლების მიღებისა და უფლებების დაცვის პროცესში – ამ წლების განმავლობაში ვიყავი ათობით სოფელში, შევხვდი ათასობით ადამიანს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრები გოგონებთან და ქალებთან, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, მათი ყოფა, ყოველდღიურობა, სწრაფვა, ხედვა და მიზნები ხშირად ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ ჩვენ როგორ ვხედავთ და რა სიკეთეების დანერგვას ვცდილობთ მათთვის – ხშირად საკუთარ თავს იმ მომენტზე ვაჩერებდი, როდესაც ვხვდებოდი, რომ ქალები მათი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით, არ ესმით და ვერ წარმოიდგენენ საკუთარ როლსა და მნიშვნელობას… მაგალითად როდესაც ვსაუბრობდით საპარლამენტო კვოტაზე, ან საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობაზე, ხშირად მათი პოზიცია იყო ისეთი, რომ აღნიშნული საკითხები მათ არ ეხებათ და სადღაც „მაღლა“, ცენტრში უნდა ისაუბრონ ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე, მაგრამ გზა, წყალი, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სერვისების ხელმისაწვდომობა – დაუსრულებლად შეუძლიათ საუბარი ამ თემებზე.
ჩემს რეგიონში, ერთ-ერთ და არა ერთადერთ, აქტუალურ პრობლემად რჩება ენობრივი ბარიერი, ან სახელმწიფო ენის არ ცოდნა. ქალების და გოგონების შემთხვევაში კიდევ უფრო რთულდება ეს რეალობა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით (2013-2017 წლებით თარიღდება), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების 78 %- ს პროფესია არ გააჩნია. მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს ქართულად საუბარს, კითხვასა და წერას. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ¼ ქართულად ვერც წერს და ვერც კითხულობს, მსგავსი უნარები მხოლოდ ქალების 9,2 %-ს გააჩნია. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების უმრავლესობა უმაღლესი განათლების მიღებას ვერ ახერხებს, აქვე აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა საბაზისო სკოლის ატესტატის გარეშეცაა დარჩენილი.
არსებული გარემოებიდან და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ე.წ. ტრადიციიდან გამომდინარე გოგოებს სასკოლო პროცესის მიტოვება უწევთ და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, სკოლა, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები გულგრილები რჩებიან ამ პროცესის მიმართ, მაშინ როდესაც, მათი მთავარი საზრუნავი და დაცვის ობიექტი სწორედ სკოლის მოსწავლე უნდა იყოს. ალბათ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს როლსა და პასუხისმგებლობას ამ პროცესში. მე თვითონ ვიყავი გოგო, რომელიც ამ რეგიონში დაიბადა და იზრდებოდა, ყველა ის დამოკიდებულება თუ სირთულე პირადად გამოვიარე და გამოვცადე მეც და ჩემმა ოჯახმაც.
საზოგადოება თავად აყალიბებს წესებს, უფლებებს, ქცევის სტანდარტებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს ქალებისთვის. ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა კვლევაში ტენდენციურად იკვეთება ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამ რეგიონში მცხოვრებ ქალებს თითქმის 5-ჯერ უფრო მეტი ფიზიკური შრომა უწევთ, ვიდრე მამაკაცებს რაც დაკავშირებულია ოჯახის შემოსავალთან, მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ქალები თავად ვერ განკარგავენ თავიანთი შრომით მოპოვებულ ფინანსურ რესურსს, რაც ქმნის მათ ფინანსურ დამოკიდებულებას და ამით ქალები კიდევ უფრო მეტად ხდებიან მოწყვლადნი.
სოფლად მცხოვრებ ქალებს არათანასწორი პირობები აქვთ ინფრასტრუქტურის და სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივაც, საუბარი ზედმეტია გასართობი და შემეცნებითი სივრცეების არსებობაზე, ენობრივი ბარიერი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოცემულობას, ხშირად ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომლებიც უკვე არსებობს, თითქოს არავინ ცდილობს მათზე ზრუნვას, მათი ხმის მოსმენას – უგულვებელყოფა ხდება მათი არსებობის… სამწუხაროდ მათ ანიჭებენ სიმბოლურ დატვირთვას და როლს, რომ ქალმა უნდა გააჩინოს და გაზარდოს შვილები, იყოს ქმრის ან “ოჯახის უფროსის” (მამის) დაქვემდებარებაში და ყველა წესი თუ გადაწყვეტილება, რასაც მიიღებენ მათ მიმართ, უპირობოდ უნდა იყოს შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადათ-წესების დარღვევად და “ოჯახის უფროსის” მიმართ უპატივცემლობად აღიქმება.
საბოლოოდ, იძულებით ან ქალების ნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები ქალის ცხოვრების, მომავლის, პერსპექტივის, თავისუფლების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის შემლახავი ხდება.
2022 წელს 6 თვე სოფლად მცხოვრებ ქალებთან გავატარეთ. ჩვენი მიზანი იყო მათი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა სერვისებზე, რომლებიც უფასოა და მათ ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ქალებს ვხვდებოდით ყველგან – სახლში, მინდორში, მოსავლის აღების ან მიწის დამუშავების დროს. ეს მცირედი შეთავაზება და ინფორმირება იმდენად ბევრს ნიშნავდა მათთვის, რომ არასდროს დამავიწყდება მათი აღფრთოვანებული და მადლიერი გამომეტყველება. ამ შეხვედრების დროს ქალები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარდა საუბრობდნენ ყველა იმ საკითხზე, რაც მათ აწუხებდათ. ყველგან თითქმის იდენტური ვითარებაა: წუხილი საკუთარი თავის რეალიზების შესახებ, წუხილი წარმატების მიუღწევლობაზე ნებისმიერი მიმართულებით, ეს იქნება კულტურა, სოციალური კეთილდღეობა, ფინანსური დამოუკიდებლობა თუ ყოველდღიურობაში არსებული მნიშვნელოვანი ან/და უმნიშვნელო საკითხები. გუნდის წევრებში, რომლებიც სოფლებში ჩემთან ერთად დადიოდნენ, ზოგჯერ გაოცებას იწვევდა ფაქტი, რომ როდესაც აღვრიცხავდით ქალებს, ვისაც ჰქონდა სურვილი ესარგებლა ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტირებითა და შემდგომ სკრინინგის უფასო სერვისით, იღებდნენ ჩვენს საკონტაქტო ინფორმაციას და გვეუბნებოდნენ რომ, კი აქვთ ჩივილები, პრობლემები ან წამოსვლის სურვილი, მაგრამ ჯერ შეათანხმებენ ქმართან, ამ მამასთან. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც უარით გვიბრუნდებოდნენ. მათ სახეზე გულისწყვეტა ნათლად ჩანდა. ჩანდა, რომ ამ მოცემულობაში ძალიან დაუცველები და უსუსურები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ასე მარტივად არ ვნებდებოდით, ვხვდებოდით ოჯახის წევრ მამაკაცებსაც, ვუხსნიდით ვითარებას, რომ თუ პრევენციულად არ მოეკიდებოდნენ საკითხს, მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობას, შეიძლება შემდგომ ოჯახს უფრო ძვირი დასჯდომოდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მკურნალობა.
შევძელით ბევრის მამაკაცის გადარწმუნება, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც სტერეოტიპები, ჩვენს შესაძლებლობებზე ძლიერი აღმოჩნდა. მაგალითად ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა, განქორწინებულმა ქალმა, რომელიც საინფორმაციო შეხვედრაზე გვესწრებოდა, მამას მიმართა რომ წამოსვლა სურდა, მაგრამ უარი მიიღო. არგუმენტი იყო ის, რომ ის “გათხოვილი” აღარ არის და მას არ შეიძლება ჰქონდეს ექიმთან მისვლისა და გამოკვლევების ჩატარების შესაბამისი საჭიროება.
მიუხედავად მსგავსი სიტუაციებისა და ვითარებისა ჩვენი დახმარებით ეროვნული სკრინინგ პროგრამით ისარგებლა 400-მდე ქალმა, 1000-მდე ქალმა მიიღო ინფორმაცია ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სერვისების შესახებ, 500-მდე აღრიცხული ქალი ელოდება ჩვენგან ხელშეწყობას, რომ ისარგებლოს პროგრამით. თვეები გავიდა, მაგრამ დღემდე მოგვდის მადლობის შეტყობინებები, 7 ქალს დაუდგინდა მკერდის კიბო, რომელიც ფარულად მიმდინარეობდა. დიაგნოზის შესახებ სწორედ ჩვენი პროექტის მეშვეობით გაიგეს და დროული პრევენციის შედეგად შესაძლებელი გახდა მათი სიცოცხლის გადარჩენა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანი ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, შევძლოთ ქალების ხელშეწყობა და ინფორმირება. ინფორმაცია ყველაზე ძლიერი „იარაღი“ და რესურსია, რომელიც ადამიანს შეგვიძლია მივაწოდოთ მათივე უკეთესი რეალობისა და ძლიერი და შემდგარი საზოგადოების მისაღებად.