GCRT x AISI განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
4 წლის წინ, როდესაც აისი GCRT-ის ინიციატივით შეიქმნა, ჩვენი ამოცანა ორგანიზაციის 26 წლიანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო – გვსურდა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საკუთარ თავზე ზრუნვის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, სანდო ინფორმაცია თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
GCRT 26 წლის წინ ზრუნვის, მხარდაჭერისა და თანადგომის იდეით შეიქმნა. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით, ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის საყრდენად, ნუგეშად და უსაფრთხო სივრცედ ქცეულიყო, ამავდროულად კი შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარებაში – განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის, ტრავმა-ინფორმირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერების მიმართულებით.
ორგანიზაციაში მომუშავე მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობა მუდმივად ეფუძნებოდა და ეფუძნება თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნასა და მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. ჩვენი სპეციალისტების მდიდარი კლინიკური პრაქტიკა და ექსპერტიზა უკავშირდება ისეთ მდგომარეობებზე მუშაობას, როგორიცაა: ფსიქოლოგიური ტრავმა და რთული ტრავმა, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა და სტრესთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობები, ბავშვობის არასასურველი გამოცდილებები, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვითი მდგომარეობები თუ დეპრესია.
GCRT რეგიონში ტრავმაზე მომუშავე წამყვანი ცენტრია, რომელმაც სერვისის მიწოდების პარალელურად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოტრავმატოლოგიის, როგორც დარგის განვითარებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – ცოდნის შექმნაში, პროფესიონალების მომზადებასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში.
26 წლის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის არეალი ნელ-ნელა, ქვეყანაში არსებული საჭიროებების შესაბამისად, ფართოვდებოდა. ვმუშაობდით:
- წამების მსხვერპლებთან და მათი ოჯახის წევრებთან;
- იძულებით გადაადგილებულ პირებთან საქართველოში;
- საომარი მოქმედებებით დაზარალებულ ადამიანებთან;
- უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებთან;
- ყოფილ პატიმრებთან, ასევე არასრულწლოვან და ზრდასრულ პატიმრებთან;
- რთული ქცევის მქონე მოზარდებთან;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან;
- სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან;
- უფლებადამცველებთან, აქტივისტებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
26 წელი – ეს არის ათასობით ადამიანის ისტორია, რომლებთან ერთადაც გავიარეთ ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მოვლენები. ეს არის თანადგომის, გაძლიერებისა და სოლიდარობის გამოცდილება, რომელმაც არაერთ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, კრიზისის მიუხედავად, ცხოვრება ღირსეულად გაეგრძელებინა.
4 წლის წინ კი ორგანიზაციას ახალი სტრატეგიული მიმართულება დაემატა – ციფრული ფსიქოსაგანმანათებლო სივრცის სახით. ამ დროის განმავლობაში ჩვენი ხმა 3 მილიონამდე ადამიანს მივაწვდინეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში. საკუთარ თავზე ზრუნვისა და უსაფრთხო ციფრული სივრცეების შექმნის მიზნით მოვამზადეთ საინფორმაციო პოსტები, გადაცემები, პოდკასტები, ონლაინ კურსები.
ამ გზაზე თქვენი უკუკავშირი და ნდობა ჩვენთვის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
დღეს აისი ახალ ეტაპზე გადადის და რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ყველასთვის უსაფრთხო და სოლიდარობაზე დაფუძნებულ სივრცედ. ამჯერად თქვენთვის ორი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს:
- აისი x თერაპია – სულ მალე, ჩვენს სივრცეში შეძლებთ დაჯავშნოთ ინდივიდუალური ვიზიტი GCRT-ის გუნდის მაღალკვალიფიციურ, მდიდარი გამოცდილების მქონე და ახალგაზრდა თერაპევტებთან.
- აისი x კურსები – ინდივიდუალური თერაპიის პარალელურად, შემოგთავაზებთ ახალ სასწავლო კურსებს, მასტერკლასებსა და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის სხვადასხვა ჯგუფურ შეხვედრას, რომელსაც GCRT-ის სპეციალისტები გაუძღვებიან.
მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ იქ, სადაც სიმშვიდე, ცოდნა და ზრუნვაა
