ჩემი თავის ორივე ნახევარი
ავტორი: თინათინ ქარელი
Მეორე ნახევარი
რამდენიმე დღის წინ მკითხეს, მყავს თუ არა მეორე ნახევარი. თითქოს უწყინარი კითხვაა და ალბათ ჩემი შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლიათ, მაგრამ მაინც უკმეხად ვუპასუხე.
ბავშვობიდან მესმოდა დედაჩემისგან, რომ აუცილებელია, თვითკმარი ვიყო. დიდი ხნის განმვალობაში ამ ტერმინის მნიშვნელობას ვერ ვიგებდი, მოზარდობაში ვბრაზობდი კიდეც დედაზე, თითქოს აკვიატებული რომ ჰქონდა ეს სიტყვები და საყვედურის ტონით მეუბნებოდა – ადამიანი, რომელიც მარტოობაში იწყენს, საკუთარ თავს ან არ იცნობს ან არ აღმოუჩენია რამდენი საინტერესო რამ არსებობს სამყაროშიო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ძლიერი, როგორც დედაჩემი იტყოდა, თვითკმარი, ქალები იყვნენ, მაინც სულ მეგონა, რომ „მეორე ნახევრის პოვნა“ გარდაუვალი იყო სრულყოფილი ცხოვრებისთვის.
სკოლაში მე და ჩემი მეგობრები ვოცნებობდით, რომ უფროსკლასელებს ჩვენთვის ყურადღება მოექციათ, საათობით განვიხილავდით, რა მოხდებოდა, თუ ჩვენც გაგვიმართლდება და “ნამდვილ სიყვარულს” ვიპოვიდით. დღიურში თითოეულ ჩანაწერში აუცილებლად დავძენდი ხოლმე სევდიანად, “ისევ არ მყავს შეყვარებული.”
ურთიერთობაში ყოფნა ხომ ერთგვარი მტკიცებულება იყო, რომ დაწესებულ სტანდარტებს ვაკმაყოფილებდი და საკმარისად კარგი ვიყავი.
რა ხდება დღეს?
ხანდახან ვფიქრობ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს მოზარდი გოგონები გაცილებით ლაღები და მამაცები არიან, სჯერათ საკუთარი თავის და დამთგრუნველ სოციალურ მოლოდინებს მათზე ძლიერი გავლენა აღარ აქვს.
Თუმცა Საინტერესოა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. კვებითი აშლილობებისა და შფოთვის მაღალი მაჩვენებელი, თვითშეფასებისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი გოგონებში, საპირისპიროზე მეტყველებს. Ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებელი იმ ქალებში, რომლებიც არ არიან ქორწინებაში. Ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინებასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, თუმცა გასაკვირი არაა, რომ ასეთ სტატისტიკასთან სოციო-კულტურული წნეხი იყოს კავშირში.
საზოგადოების ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ ქალს შეიძლება ერთი, კონკრეტული ფუნქცია მივანიჭოთ. დომინანტური კი ის აზრია, რომ ქალის მთავარ დანიშნულებას ჰეტერონორმატიულ კულტურაში შვილების გაჩენა და ოჯახზე ზრუნვა წარმოადგენს. ქალები, რომლებიც უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე „არასრული ქალები“ არიან ან უბრალოდ „ვერ გათხოვდნენ“. ნეგატიური სტერეოტიპები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ ჰყავთ პარტნიორი, ჯერ კიდევ აქტუალურია – ისინი აღიქმებიან, როგორც მარტოსულები, უბედურები და უსუსურები.
პატრიარქალურ, ჰეტერონორმატიულ სამყაროში ჯერ კიდევ ღიად თუ ფარულად არსებობს ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება.
Ხშირად Ამ წინასწარგანწყობებისა და ცრურწმენების ლატენტური, დაფარული ხასიათი კიდევ უფრო რთულად ამოსაცნობი და დამაზიანებელია.
. ამის მაგალითია სამუშაო ადგილზე გავრცელებული პრაქტიკა, რომ ქალებს, რომლებსაც ოჯახები არ ჰყავთ, არასამუშაო დროს ან/და დღესასწაულებზე სთხოვონ სამსახურში მისვლა. თითქოს ის ფაქტი, რომ დაოჯახებულები არ ვართ, ავტომატურად გვაქცევს ნაკლებად დაკავებულად, ხოლო შესაძლებლობა, რომ ჰობი ან მნიშვნელოვანი საქმე გვქონდეს, უგულებელყოფილია.
ხანდახან პირიქით ხდება…
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ყურადღება და კრიტიკა იმ ქალებისკენ არის მიმართული, ვინც უარს ამბობს დამკვიდრებული სოციალური მოლოდინების გამართლებაზე და უარს ამბობს დაოჯახებაზე, არც თუ ისე იშვიათია დამრიგებლური მიმართვის ფორმა ან ცინიზმი იმ ქალებისადმი, რომლებიც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას იღებენ. ხშირად ასკვნიან, რომ ეს ნაბიჯი ქალების გამოსავალია, თავი დაიზღვიონ პროფესიული წარუმატებლობისა და თვითრეალიზაციის სირთულეებისგან და ასე დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში.
ორივე შემთხვევაში ქალების გასაგნება ხდება, ხოლო საზოგადოება იჯერებს, რომ ქალებზე უკეთ იცის, რა ხდება ან რა უნდა ხდებოდეს მათ თავს.
დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალების უფლებების, სიძლიერისა და თვითმყოფადობის შესახებ, თუმცა ფარულად არსებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ მძლავრი იარაღია ქალებისთვის ტოქსიკური სამუშაო თუ სოციალური გარემოს შესაქმენლად, რომელიც ფემინისტური ელფერის გამო განსაკუთრებით რთულად აღმოსაჩენი და რეზისტენტულია ცვლილებების მიმართ.
Ხშირად გვიწევს ცნობისმოყვარე სოციუმს ავუხსნათ, რატომ არ გვყავს პარტნიორი, ხოლო თუ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ გვინდა, თავს უხერხულად გვაგრძნობინებენ და თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ, “რომ ზედმეტად წუნიები” ან “უცნაურები” ვართ. Თუ ახალგაზრდა ასაკში დავოჯახდებით აუცილებლად გვკითხავენ “რა გვეჩქარებოდა”, “ჯერ გვესწავლა” და ა.შ. Გარკვეული ასაკის შემდეგ კი ვხვდებით ირონიულ დამოკიდებულებას “შინაბერობასა” და “გაუთხოვრობასთან” დაკავშირებით.
Გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თავდაცვისა და თავის მართლების პოზიციაში გვიწევს ყოფნა.
ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო უკეთ მესმის, რომ თვითკმარობა არც გულისხმობს და არც გამორიცხავს პარტნიორის ყოლას. Იყო თვითკმარი, ნიშნავს გქონდეს საკუთარი მნიშვნელობისა და არჩევანის თავისუფლების გაცნობიერების შესაძლებლობა.
Თვითკმარობა საკუთარ თავთან გამთლიანებაა.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.