GCRT-ის შესახებ

GCRT 2000 წლის 1-ელ ოქტომბერს, კოპენჰაგენში არსებული წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის (IRCT) მხარდაჭერით დაარსდა.

ორგანიზაციის მიზანია სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლ, ტრავმირებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის სათანადო სერვისების შეთავაზება.

დახმარება მოიცავს სამედიცინო დიაგნოსტიკას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კონსულტირებას, საჭიროების შემთხვევაში კი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს.

დასაწყისში, ორგანიზაციის სამუშაო არეალი სამი მთავარი სამიზნე ჯგუფით შემოიფარგლებოდა:

  • იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობა;
  • ყოფილი პატიმრები;
  • ლტოლვილები ჩეჩნეთიდან.
დროთა განმავლობაში გაფართოვდა როგორც ორგანიზაციის სამინზე ჯგუფების სპექტრი, ისე თავად GCRT.

2003 წლიდან „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს“ რამდენიმე რეგიონული ოფისი შეურთდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო ახმეტის ოფისი, რომელიც 2003-2010 წლებში, პანკისის ხეობაში, ჩეჩენი ლტოლვილების დასახმარებლად ფუნქციონირებდა. 

2007 წლიდან ორგანიზაციას რეგიონული ცენტრები ქუთაისსა და ბათუმში შეემატა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებულ ადამიანთა საჭიროებების შესაბამისად, 2010 წლიდან კიდევ ერთი რეგიონული ოფისი გორში გაიხსნა.
 
ამჟამად GCRT-ს ოფისები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და გორში ფუნქციონირებს, სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში.
 

2010 წლიდან GCRT აქტიურად ჩაერთო სისხლის სამართლის რეფორმის პროცესში, კერძოდ სასჯელაღსრულების სისტემაში რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამების დანერგვასა და განვითარებაში.

ამავდროულად, დაიწყო სერვისების გაფართოება ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მიმართულებით, მათ შორის მსხვერპლი ქალების, ბავშვებისა და მოზარდებისათვის დახმარების გაწევის მიზნით.

ორგანიზაციამ, ასევე, დაიწყო ზრუნვა საომარი კონფლიქტების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებზე.

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ მულტიდისციპლინური გუნდითაა დაკომპლექტებული. ცენტრში მუშაობენ ზოგადი პროფილის ექიმები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტები. თითოეული მათგანის როლი გუნდის მუშაობაში უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ მათი დახმარებით არის შესაძლებელი ადამიანებისთვის კომპლექსური დახმარების შეთავაზება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში, განათლების სფეროში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ფსიქოტრავმატოლოგიის ცოდნის შეტანის და ამ ცოდნის ინსტიტუციონალიზაციის გზით, ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ფსიქოტრავმატოლოგიის დარგის განვითარებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს ინოვაციური მიდგომების და სერვისების დანერგვასა და განვითარებაში.

ცენტრი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითაც მუშაობს. სწორედ აქტიური უფლებადაცვითი საქმიანობის შედეგად GCRT თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და წევრი გახდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ საქართველოს საზღვრებს გარეთ პროფესიონალების მომზადების, მათი მხარდაჭერის და სერვისების აწყობის პროცესში ჩაერთო.

მისია და ხედვა

GCRT - ის გუნდი

GCRT–ს მულტიდისციპლინური გუნდი ჰყავს, რომელშიც ორგანიზაციის მიზნებისადმი ერთგული 40 პროფესიონალი შედის.

მათ შორის არიან: ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, თერაპევტები, სოციალური მუშაკები და მოხალისეები.