ქალად ყოფნის რეცეპტი
ავტორი: თინათინ ქარელი
წლების წინ ჩემი ბავშვობისა და მოზარდობისდროინდელი ჩანაწერების პოვნამ გამაცნობიერებინა, როგორ დამშორდა საუკეთესო მეგობარი – ჩემი თავი. თურმე ცნობისმოყვარე, კეთილგანწყობილი, სამყაროს დამკვირვებელი ბავშვისგან, თვითკრიტიკულ, საკუთარი თავისადმი მტრულად განწყობილ ქალად სულ რამდენიმე წელში ვიქეცი.
2009 წელს დღიურში ვწერ: „თუ შეჭამ, უბრალოდ ღორი იქნები, დანარჩენი შენ გადაწყვიტე“, რამდენიმე გვერდს ვუთმობ „აკრძალული საჭმლის“ სიას, რომელიც ყველაფერს მოიცავს, რაც როდესმე მყვარებია. ვწერ ჩემს აკნეზე, ვწუხვარ მეჩხერ კბილებსა და სქელ კოჭებზე.
თქვენ გახსოვთ, რამდენი წლის იყავით, როცა პროტესტი გამოხატეთ მშობლის ფოტოაპარატით დანახვისას? პირველად როდის იგრძენით ბრაზი და წყენა, როცა წითელ ლოყებზე ან გამონაყარზე გეხუმრნენ? როდის გაუგეთ ჯეინ ეარს ან ანა ფრანკს, რომლებიც თავიანთ თავებს „არც თუ ისე ლამაზად“ მიიჩნევენ?
მოზარდობის ასაკში, როცა ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი და სოციალური წრე იზრდება, ყოველდღიურად მრავალფეროვან გამოცდილებას ვიღებთ. გვაღელვებს, გვამჩნევენ თუ არა, ან როგორ აღგვიქვამენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, ერთმანეთს ენაცვლება საკუთარი თავით კმაყოფილების, მძაფრი უკმაყოფილების, სიხარულისა და სინანულის განცდები. იქმნება „გემოვნებიანისა“ და „უგემოვნოს“, „ლამაზისა“ და „შეუხედავის“, „სასურველისა“ და „უინტერესოს“ კატეგორიები, რომლებშიც ვათავსებთ და გვათავსებენ, ვუცვლით და გვიცვლიან ადგილებს.
იდენტობის ჩამოყალიბება სწორხაზოვანი პროცესი ნამდვილად არაა, რეალურად ხომ მუდმივ ეჭვებში, მძაფრ ემოციებსა და შფოთვაში ვცდილობთ, რომ გზა გავიკვლიოთ და ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ იმას, ვინც გვინდა (ან გვგონია, რომ უნდა), გავხდეთ. ზოგჯერ, სოციალური წნეხით გაშინაგნებული ნორმები და სტანდარტები ჩვენი ინდენტობის, ინტერესებისა და უნიკალურობის აღმოჩენაში ხელს გვიშლის. მოზარდობაში, გოგოებს განსაკუთრებით გვჭირდება მხარდაჭერა და რწმენის გამყარება, რომ ჩვენს ღირებულებასა და ღირსებას გარეგნული მახასიათებლები არ განსაზღვრავს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ბევრს ვსაუბრობთ ფემინიზმზე, მძაფრად ვრეაგირებთ ქალის ობიექტივაციისა და სექსუალიზაციის მცდელობაზე და გვაქვს ილუზია, რომ დასავლეთმა ეს პრობლემები უკან მოიტოვა, სილამაზის კონკურსების რეიტინგის, გენდერული ნიშნით ჩაგვრის, სამუშაო ადგილზე სექსუალური ძალადობისა და გარეგნული ნიშნით ბულინგის მაჩვენებელი საპირისპიროს ამტკიცებს. პარადოქსულია, რომ იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც გვესაუბრებიან საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარების აუცილებლობაზე, სილამაზის სტანდარტების შესახებ საუბარს გადაცემებს უთმობენ.
რამდენიმე წამით შეწყვეტეთ კითხვა და საძიებო ველში ნებისმიერ ენაზე ჩაწერეთ სიტყვა „ქალი“. უამრავ მასალას წააწყდებით, შეგხვდებათ სტატიები, ვიდეორგოლები, გადაცემები, წიგნები და რეკომენდაციების ნუსხა, იმის შესახებ, თუ „როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი“, როგორ გახდეთ მიმზიდველი, რომ გარშემომყოფები მოხიბლოთ და ა.შ. ფაქტი, რომ ეს შეკითხვები ჩვენთვის უცხო სულაც არ არის, თავისთავად ტრაგიკულია.
სილამაზის სტანდარტები სხვადასხვა კულტურაში ჩამოყალიბებული ნორმებია, რომლებიც მიგვითითებს, რა არის სასურველი და მისაღები სოციუმისთვის. ეს ის საზომია, რომლითაც ჩვენ, ქალებს, განსაკუთრებული ენთუზიაზმით გვზომავენ. გვზომავენ და გვარწმუნებენ, რომ ეს საზომი თავად ავირჩიეთ. თუ „იდეალურ ყალიბს“ მივუახლოვდებით, შესაძლოა, მოწონება და აღიარება დავიმსახუროთ, ხოლო თუ დავშორდებით, შესაბამისი საფასურის გადახდაც მოგვიწევს.
სილამაზის სტანდარტებისა და ქალების მიმართ არსებული მოლოდინების პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ჩვენზე, ეჭგვარეშეა. ეს საკითხი აქტუალობას საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა კულტურაში ინარჩუნებს, თუმცა სოციალურმა მედიამ ყოველდღიური შთაბეჭდილებებისა და ინფორმაციის დიაპაზონი კიდევ უფრო გაზარდა და ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიჭრა. ვირტუალურ სივრცეში მუდმივად ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც იდეალური (ანუ, სილამაზის სტანდარტების შესაბამისი) გარეგნობა, უნაკლო კანი და სხეული აქვთ. მათ თითქოს მოახერხეს გამკლავებოდნენ ქალად ყოფნის გამოწვევებს. ის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენთვის მიუღწეველია, თითქოს ჩვენ მიმართ არსებული მოლოდინები არარეალურია, მაგრამ თუ კი სხვები ახერხებენ, ჩვენ რას ვაკეთებთ არასწორად? ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ამ პროცესში თანდათან გვიყალიბდება წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორები გვსურდა ვყოფილიყავით და ახლა ვინ ვართ? როდესაც “იდეალური” არ ემთხვევა “რეალურს”, ეს ჩვენში სტრესს, ტკივილსა და იმედგაცრუებას იწვევს. ეს ყველაფერი სხვადასხვაგვარად აისახება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დომინანტური წარმოდგენები და მიუღწეველი სტანდარტები სილამაზისა და იდეალური ფორმების შესახებ არაერთი ქალის თვითშეფასებაზე აისახება. კვლევები ადასტურებს, რომ დაბალი თვითშეფასება და ცუდი წარმოდგენა საკუთარ გარეგნობაზე, კავშირშია ისეთ აშლილობებთან, როგორებიცაა სოციალური შფოთვა, კვებითი აშლილობები, დეპრესია, სხეულის დისმორფული აშლილობა და სუიციდური ფიქრებიც კი.
ამ მოზარდობისდროინდელი ჩანაწერების პოვნის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენ, ქალებს, სამყაროს დამკვირვებლებს და დაკვირვების მთავარ ობიექტებს, საკმაოდ ადრეულ ასაკში მოგვაჩეჩეს ჩვენკენ მომართული გამადიდებელი შუშა და ისიც ჩვენს ერთგულ თანამგზავრად იქცა. გავიაზრე, რომ მხარდამჭერი სოციალური წრის, განათლების და გამოცდილების მიღების მიუხედავად, ჯერ კიდევ გრძელი გზაა განთავისუფლებამდე.
თუ თქვენც ჩემსავით შენახული გაქვთ ძველი დღიურები, ჩანაწერებს თვალი გადაავლეთ და დაფიქრდით, თქვენი მოთხოვნებიც არარეალურად ხომ არ გაიზარდა საკუთარი თავის მიმართ? როდის დაივიწყეთ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ სეზონსა და მდგომარეობაში, სიყვარულის და მოფრთხილების ღირსი ხართ? როდის გაქრა საკმარისად ყოფნის განცდა?
ალბათ უნდა გავბრაზდეთ სამყაროზე, რომელმაც დაგვაჯერა, რომ ქალად ყოფნის რეცეპტი ინტერნეტში ან წიგნებში წერია. შემდეგ კი მოთმინებით, გამადიდებელი შუშისა და აკრძალვების სიის გარეშე, ჩავყვინთოთ ბავშვობაში და მოვეხვიოთ ეჭვებშეპარულ ჩვენს თავებს. მოვეხვიოთ და ვუთხრათ, რომ ვიპოვეთ ჭეშმარიტი პასუხი კითხვაზე, „როგორი უნდა იყოს ქალი“ და ეს პასუხი იმდენნაირია, რამდენი ქალიც დადის ამქვეყნად.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.