თვითგვემის ეტიკეტი
ავტორი: სალომე მიქაძე
„ … სადაც არ უნდა წახვიდე, საკუთარი თავი თან გახლავს“ ამბობს პერსონაჟი სახელად
საილასი, ნილ გეიმანის „სასაფლაოს წიგნიდან“.
საკუთარ თავთან არსებობის სიმარტივეს დიდწილად გარეშე ფაქტორები განსაზღვრავს. მათ
შორის, გარშემომყოფების ზოგჯერ გაუაზრებელი ქცევა და დამოკიდებულება, რომელიც
„სამიზნე ჯგუფიდან“ გამომდინარე შეიძლება იყოს დამაკნინებელი და ღირსების შემლახავი.
ეს გამოწვეულია იმით, რომ უმრავლესობა ცდილობს ხოლმე რაიმე განმასხვავებელი ნიშნის
მქონე ადამიანების გარიყვას – აქ მოქმედებს ერთგვარი დამცავი მექანიზმი, რომელსაც
ამუშავებს იმის შიში, რომ უცხო და განსხვავებული უკვე დამკვიდრებული ნორმების რღვევას
გამოიწვევს.
დისკრიმინაცია და სტიგმა ძირითადად იზოლაციის, ინფორმაციის ნაკლებობის და მავნე
წინასწარგანწყობების ქონით შეიძლება აიხსნას. ეს ნასწავლი ქცევაა, რომელიც თაობიდან
თაობას გადაეცემა დამახინჯებული მითების სახით, რაც შედეგად აზიანებს მოწყვლადი
ჯგუფების წარმომადგენლებს.
ერთი ასეთი ჯგუფია შშმ პირები. ეს თემი დიდი და მრავალფეროვანია – ის მოიცავს ყველა
სოციალურ ფენას და კატეგორიას, რაც კი არსებობს – ამიტომ, რთულია ის რამე კონკრეტული
ნიშნით გააერთიანო, იმის მიუხედავად, რომ მათ წარმომადგენლებს დიაგნოზის გარეშეც
ძალიან ბევრი საერთო აქვთ. მაგალითად, უმეტესობა ძალიან მოწყვლადია, სიღარიბის
ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და გასაქანი არ ეძლევა რომ სასურველს მიაღწიოს.
შეზღუდული შესაძლებლობის ქონა, თანამედროვე გაგებით ნიშნავს, რომ შშმ პირი მისი
დიაგნოზით კი არა, საზოგადოებაში არსებული ბარიერებით იზღუდება და ვერ ახერხებს
იცხოვროს ისე როგორც მას უნდა.
დისკრიმინაციის წნეხის ქვეში მცხოვრებთა შორისაც არსებობს ერთგვარი იერარქია, რომლის
ბოლოშიც, როგორც წესი, ქალებს აყენებენ. მათზე დაბლა კი შშმ ქალები დგანან ხოლმე.
მიიჩნევა, რომ ასეთი ქალების მიმართ მოქმედებს ორგვარი დისკრიმინაცია: გენდერული
(სუსტი სქესი, ქარაფშუტა, გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე) და როგორც შშმ
პირების მიმართ (უძლური, დაუცველი, „ზედმეტი“ საჭიროებების მქონე). ასეთ ქალებზე
რაიმე რესურსის ხარჯვა არამიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით ისეთ
გარემოში სადაც ქალს მომვლელად და მოახლედ აღიქვამენ.
არასასურველი დამოკიდებულება უმეტესად მიკროაგრესიით გამოიხატება – იქნება ეს შშმ
პირთათვის განკუთვნილი სივრცეების და სერვისების საჭიროებაში ეჭვის შეტანა (პარკინგით
დაწყებული, სათანადო სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული) თუ ინფანტილიზაცია,
(როდესაც, განურჩევლად შესაძლებლობის და ასაკისა, შშმ ქალი აღიქმება
არაკომპეტენტურად, რომელსაც მუდმივი თვალყური და „პატრონობა“ ჭირდება). ზოგჯერ,
დისკრიმინაცია დაუფარავი აგრესიის სახით ვლინდება – იმ მწირე სტატისტიკური
მონაცემებით, რაც დღეს-დღეობით იძებნება, ირკვევა, რომ შშმ ქალები გაცილებით ხშირად
ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფინანსური და ა.შ –
მსხვერპლი.
თანამედროვეობის მოთხოვნებიდან ამოვარდნილ იდეოლოგიებს დღესაც ბლომად
შეხვდებით. ზოგი ძველი კულტურიდან და ტრადიციიდან მომდინარეობს, ზოგს რელიგია
ავრცელებს. ბევრისთვის ეს საფუძვლები საკმარისია იმისათვის, რომ ყველაზე მოძველებული
ნარატივებს იყვნენ ჩაბღაუჭებულები და მოერიდონ მათ კრიტიკას.
ამგვარად, რადგან ყველა იმ ქვაბში ვიხარშებით, რომელსაც „საზოგადოება“ ქვია, მცდარი
წინასწარგანწყობები და მოლოდინები აღწევს ყველა ადამიანამდე, მათ შორის შშმ ქალთა
ახლობლებამდე, პარტნიორებამდე და ნათესავებამდე, ვინც მერე ამ ქალებს შერაცხავს
მარადიულ ბავშვებად, ოჯახის ტვირთად ან ღვთიურ გამოცდად. ისინი არ გაითვალისწინებენ
შშმ ქალებს და მათ მოსაზრებებს, და ხშირად მათ უკითხავად, მაგრამ მათი სახელით
იმოქმედებენ, ფსევდო პროგრესისითვის.
გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი თავად შშმ ქალებზეც ახდენს გავლას. ეს კი ნიშნავს
ყველა იმ მავნებლურ სტერეოტიპის – უმაქნისობა, უსუსრობა, მდგომარეობის გაზვიადება –
სიმართლედ აღქმას და ქცევით გამაგრებას თავად მათ მიერ: მდგომარეობის უარყოფა,
აგრესია, საკუთარი უძლურების დაჯერება და დამოუკიდებლობის ნებისმიერ
გამოხატულების მცდელობის ჩახშობა. ამას ბევრი არასასურველი შედეგის მოტანა შეუძლია:
სპეციალურ სერვისებზე უარის თქმა, საკუთარი საჭიროებების იგნორირება, ძალდატანებით
თავის „ნორმალურად“ წარმოჩენის მცდელობა, „გამოჯანმრთელების“ მოლოდინი,
საზოგადოებისგან, მათ შორის, სხვა შშმ პირებისგან იზოლაცია.
როდესაც დისკრიმინაციას ასე მყარად აქვს ფესვები გადგმული, სათანადო ყურადღება აღარ
ექცევა იმ გარემოებებს, რომელიც რეალურად არის შემზღუდავი და სანაცვლოდ, შშმ ქალი
ბრალეულობას საკუთარ თავში ეძებს.
თვითგვემას თან სდევს ბრაზი უძლურობაზე, რომელიც შეიძლება სულაც არ არის მართალი,
მაგრამ ძალიან დამაჯერებლად ჟღერს;
შფოთვა, როდესაც მომავალზე ფიქრი იმედის მაგივრად შიშით არის გაჟღენთილი, რადგან
ისევ უსუსურების განცდის გამო ძნელია იმის წარმოდგენა თუ რისი მოტანა შეუძლია ახალ
დღეს.
უიმედობა, რადგან საზოგადოებაში ინტეგრაციის მოლოდინები დროთა განმავლობაში
იკლებს და შეიძლება სულაც გაქრეს კიდეც.
ბევრ რამეს მოეძებნება პოზიტიური გამოყენება, რადგან ემოციები არის ენერგია, რომელიც,
დროულად გაკონტროლების შემთხვევაში, დადებითი შედეგების მისაღწევად ეფექტური
ხელსაწყოა. მარტოობა, უფრო სწორედ, განმარტოება, მცირე დოზებით სასრგებლოდაც
შეიძლება ჩაითვალოს, ის ადამიანს თავის გამოცდაში და უკეთ შეცნობაში ეხმარება. ბრაზს
საუკეთესო მოტივატორად მოიხსენიებენ ხოლმე, შფოთვა კი დაკვირვებულობას და
სიფრთხილეს ამძაფრებს. ეს მხოლოდ მცირე, კონტროლირებად დოზებში და მხოლოდ მაშინ,
როდესაც ამ ემოციებს არ განიცდის კუთხეში მიმწყვდეული ადამიანი. უიმედობის დროს
ყველფერი სხვის პრივილეგიად აღიქმება. აქ არჩევანის ქონაშია საქმე.
ეს ძალიან დამთრგუნველია. იმ ბავშვებისთვის, ვინც თანატოლებთან მათივე მსგავსად თამაშს
ვერ ახერხებს, იმ ახალგაზრდებისთვის თავგადასავლებისკენ რომ მიუწევთ გული, მაგრამ
ოთხ კედელს შორის უწევთ დროის გაყვანა, იმ ზრდასრულებისთვის, ვისი საახლობლო
დამხმარე პირების როლებს მორგებული ოჯახის წევრებით და მეგობრებით შემოიფარგლება.
იმ უსახელო ადამიანებისთვის რომლთა არსებობას ოჯახის წევრებიც კი არ აღიარებენ.
ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭიროებების უგულვებელყოფა საზოგადოებაში
დაშვებულ ნორმებთან მორგების მცდელობისთვის, იდეის დონეზეც კი არ უნდა იქნეს
დაშვებული. შშმ პირებს ზოგადად და ქალებს კონკრეტულად შეიძლება ქონდეთ ძალიან
სპეციფიური მოთხოვნები რაც რაღაც გაუაზრებელი კაპრიზები კი არ არის, არამედ
ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობებია. იქნება ეს რამე სახის
დამხმარე საშუალება თუ კონკრეტული სერვისი სახლში ან გარეთ, მათი არსებობა
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შშმ პირის ცხოვრების ხარისხს. არც ამ საჭიროებების
გათვალისწინება არის განსაკუთრებით რთული, მითუმეტეს, როდესაც გონივრული
მისადაგების და უნივერსალური დიზაინის პრინციპები არსებობს. საჭიროებების
დასადგენად და პრიორიტეტეტბის განსასაზღვრად კი თემთან მჭიდრო კომუნიკაციაა საჭირო
და არა მათ მაგივრად გადაწყვეტა თუ რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვისვე.
ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ შშმ პირთა კეთილდღეობა და უბრალოდ ღირსეული ცხოვრების
ქონის საჭიროება ხშირად ხდება განხილვის თემა. განსხვავებით ბევრი სხვა სტატუსისგან,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, ეს
სტატუსი ყოველთვის თანდაყოლილი არ არის. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს
შესაძლებლობების ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის ალბათობაც. გარდა ამისა, სხვა
ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდული შესაძლებლობა. ამის ფონზე
ნამდვილად უჩვეულოა, რომ შშმ პირებისთვის უკეთესი პირობები არ არის შექმნილი. ალბათ,
საბოლოო ჯამში ესეც სიბერის და ცხოვრების დასასრულის შიშს უკავშირდება; როგორც წესი,
ადამიანი არაფერს გაურბის ისე მაგრად, როგორც სიბერეს და სიკვდილს, უმეტესობა იმ
მოცემულობით მოქმედებს, რომ სულ ერთ კონკრეტულ მდგომარეობაში იარსებებს.
სადავოა, თუ რამდენად არის ადამიანებში ემპათია თავიდანვე ჩანერგილი. ითვლება, რომ ეს
ნაწილობრივ თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ სოციალიზაციას მის ფორმირებაზე დიდი
გავლენის ქონა შეუძლია. ამიტომ, რადგან ხასიათი და დამოკიდებულებები ადრეულ ასაკში
ყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების და ახალგაზრდების ინტეგრაცია რაც შეიძლება
ადრეულ ასაკში მოხდეს, რომ შემცირდეს მავნე სტერეოტიპების გავრცელება ახალ თაობებში.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზრდასრულები უნდა იყვნენ უგულვებელყოფილები, სტიგმის
რღვევა ყველა მიმართულებით არის საჭირო. ამისათვის დასაქმება ერთ-ერთი იდეალური
ვარიანტი იქნებოდა, მეტად ხელმისაწვდომი რომ იყოს.
დისკრიმინაციასთან ერთი-ერთზე ბრძოლა ასევე აუცილებელია, როგორც ამის სისტემურ
დონეზე კეთება. თვითდისკრიმინაციის დასამარცხებელი რამე უტყუარი რეცეპტი არ
არსებობს, ეს მუდმივი, დაუსრულებელი პროცესია და გარდა აბსტრაქტული პოზიტიური
შეძახილებისა წახალისებისთვის, ის მოითხოვს თვითადვოკატირებას როგორც სახლში ისე
გარეთ – მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი არ უნდა მოერიდოს საკუთარი უფლებების
დაცვას და უკეთესი პირობების მოთხოვნას. პიროვნული გაძლიერებისთვის ამ ნაბიჯის
გადაგმა აუცილებელია. თუ სადაც არ უნდა წახვიდე, საკუთარი თავი თან გახლავს, მაშინ
მასთან თანამშრომლობაა საჭირო. თუნდაც მაშინ, როდესაც სახლიდან გასვლა ერთი დიდი
გადაულახავი ბარიერი ჩანს, საკუთარი თავის პატივისცემა და დაფასება სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, სათქმელად ყველაფერი მარტივია. რეალობაში, ყველაზე კარგად
თვითრეალიზებული და თავდაჯერებული შშმ პირიც კი აწყდება ბარიერებს და ნეგატიურ
დამოკიდებულებას. მსოფლიო უსამართლობით არის სავსე, მაგრამ ამან არავინ უნდა
შეაყოვნოს – პირიქით, ბრაზი ხომ შესანიშნავი მოტივატორია.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.