ერთად წამების წინააღმდეგ – გლობალური კონსორციუმის განცხადება
საქართველო: პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს
საქართველოს ქალაქებში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეჩერებული. საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ქართული პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ იყენებდა რეზინის ტყვიებს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. ბევრ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესხმოდნენ თავს. დაზარალებულთა ნაწილმა მიიღო დამწვრობები, სავარაუდოდ, წყლის ჭავლში გახსნილი ქიმიური გამაღიზიანებლების შედეგად. ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქცია და დაშლის ნაცვლად მათ პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდა.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოალიციამ დაადასტურა ათობით მშვიდობიანი მომიტინგის სასტიკი ცემა ნიღბიანი პოლიციელების მიერ მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იყვნენ შეკრებილნი. პოლიციელები მომიტინგეებს ძალის გამოყენებით აგდებდნენ მიწაზე, ურტყამდნენ ხელებითა და ხელკეტებით, მათ შორის თავისა და სხეულის არეში. დაფიქსირებულია ჯგუფურად ცემის მრავალი შემთხვევა, ასევე მიწაზე მწოლიარე ადამიანების ფიზიკური შეურაცხყოფა.
წყაროების მიხედვით, ცემის ფაქტები გრძელდებოდა როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაყვანისას, ასევე დაკავების დროს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს 156 დაკავებული, რომელთაგან 124-მა (80%) განაცხადა, რომ განიცადა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბრის აქციების დაწყებიდან დღემდე, 27 მომიტინგე და 16 პოლიციელი იქნა საავადმყოფოში გადაიყვანილი. თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, რომლებზეც ასახულია როგორ უსწორდება პოლიცია მომიტინგეებს ფიზიკურად, დაშავებულების რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს. ასობით ადამიანი იქნა დაკავებული. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, პოლიციის დაკავების ადგილებიდან ადამიანები გამოდიან მოტეხილობებით, სახისა და თვალბუდეების დაზიანებებით, ღია ჭრილობებით და ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის შედეგად მიღებული მძიმე მოწამვლით.
მრავალმხრივი ჩვენებები მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები მიზანმიმართულად უთვალთვალებდნენ და უტევდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ გაეშუქებინათ აქციების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები. პოლიციის მიერ, 50-ზე მეტი ჟურნალისტი იქნა ფიზიკურად დაშავებული, ასევე მათი აღჭურვილობის დაზიანების შედეგად, შეფერხდა მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელება.
წამება აკრძალულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით, ასევე გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციისა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რატიფიკაციით.
პროტესტები მოყვა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეეჩერებინა 2028 წლამდე. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ევროკავშირის პარლამენტმა შეაფასა როგორც “არც თავისუფალი, არც სამართლიანი”, ხოლო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) შეფასებით, დაფიქსირდა “ზეწოლის და პარტიით ორგანიზებული შანტაჟის კლიმატი არჩევნების წინ და არჩევნების პერიოდში“.
მიმდინარე წლის მაისში, წამების წინააღმდეგ გაერთიანებულმა კოალიციამ (UATC) და მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, გამოიძიოს წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება და უზრუნველყოს კომპენსაცია ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის. მას შემდეგ UATC-ს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ მსგავსი გამოძიებები განახორციელა.
UATC უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებებს შსს მინისტრის მიმართ, რათა მან დაარწმუნოს შეკრების თავისუფლების პატივისცემა საპროტესტო აქციების დროს, შეაჩეროს წამება, არასათანადო მოპყრობა და სხვა ძალადობრივი ანგარიშსწორება მომიტინგეების მიმართ, უზრუნველყოს დაზარალებულების სრული კომპენსაცია, უზრუნველყოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და დააკისროს ყველა პოლიციელს ატაროს გამჭვირვალე მაიდენტიციფირებელი ნიშნები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება.
ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ყველა ბრალდება წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობაზე, რომელიც მიმართული იყო მომიტინგეების და დაკავებული პირების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ, და შედეგები გადაეცეს პროკურატურას შესაბამისი დევნისთვის.
ბოლოს, მოვუწოდებთ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროკავშირს, OSCE-სა და ევროპის საბჭოს, იმოქმედონ სასწრაფოდ, რათა დაიცვან მომიტინგეები, გამოიძიონ დარღვევები და პასუხისმგებლობა დააკისრონ დამნაშავე პირებს, რომლებიც ახორციელებენ დანაშაულს და ადამიანის უფლებების დარღვევებს. ეს უნდა მოიცავდეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მხარდაჭერას, დამოუკიდებელ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა გამოძიებებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებზე ზეწოლას.
კოალიციის შესახებ: “United Against Torture Consortium” აერთიანებს ექვს წამყვან წამების წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას (IRCT, OMCT, FIACAT, APT, Omega Research Foundation და REDRESS) და თანამშრომლობს 200-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან 100-ზე მეტ ქვეყანაში, რათა გაძლიეროს და გააფართოვოს წამების წინააღმდეგ მოძრაობა. პროექტი დაფინანსებულია ევრო კავშირის მიერ.
განცხადება გამოცემულია IRCT, OMCT, Omega Research Foundation და Redress ორგანიზაციები მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
- OMCT: მარია კვიცინსკაია mkv@omct.org
- IRCT: ასგერ კიაერიუმ akj@irct.org