სახლიდან შორს
ავტორი: ქეთევან ხიდაშელი
როცა ჩემი, როგორც ემიგრანტი ქალის გამოცდილებებზე ვფიქრობ და ჩემს განცდებს სხვას ვუზიარებ, შეუძლებელია გვერდი ავუარო დღევანდელ კონტექსტს. მიზეზი, რის გამოც მილიონობით ქართველს ემიგრაციაში, ჩვენი ოჯახებისა და ახლობლებისგან შორს ყოფნა გვიწევს, სწორედ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია. შორს ყოფნის განცდებს ემატება ისიც, რომ ქვეყანა დღითიდღე შორდება დასავლურ კურსს, ანუ დემოკრატიას, სოციალური კეთილდღეობისა და ღირსეული შრომითი პირობების პერსპექტივას. ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრები კი უფრო შორეული მოჩანს. ამ ყველაფერზე ფიქრს თან ახლავს გაურკვევლობა, ხვალინდელი დღის დაგეგმვის შეუძლებლობა და შფოთვები…
13 წელი საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმით ვიყავი დაკავებული. ახლა კი მიჭირს მშვიდად და აღელვების გარეშე ვადევნო თვალი ამ ყველაფერს, თანაც შორიდან, დამკვირვებლის როლში, თითქოს უსუსური ხარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია. ამ განცდებში განსაკუთრებით რთულია შეინარჩუნო ჩვეული დღის წესრიგი და კონცენტრირდე ჩვეულებრივ აქტივობებზე – უყურო ფილმს ან წაიკითხო წიგნი. ძილის პრობლემებიც დამჩემდა.
თუმცა ამ განცდებსაც მოქმედებით ვებრძვი. ჩემმა აქტივიზმმა ემიგრაციაში ყოფნისას ციფრულ სივრცეში გადმოინაცვლა. ახლა აქედან ვცდილობ ჩემს ირგვლივ მყოფ ქალებს გავუჩინო პროტესტის განცდა, დავეხმარო მათ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.
სოციალურ ქსელში ემიგრანტთა ჯგუფი შევქმენი, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვაზიარებ. 61 წლის ვარ. აქ ბევრნი არიან ჩემი თაობის ემიგრანტები, რომლებიც საქართველოდან გაჭირვებას, ძალადობას, სხვა ბევრ პრობლემას გამოექცნენ. დიდ ნაწილს არ აქვს ცოდნა ტექნოლოგიების იმ სიკეთეებზე, რომლებიც ყოფას გვიმარტივებს, არ აქვთ ცოდნა მათი უფლებების შესახებ. სწორედ მათთვის ვწერ ვიდეო გაკვეთილებს, როგორ გამოიყენონ ნავიგაციის სისტემები, ელექტრონული ფოსტა, როგორ შექმნან რეზიუმე. ვაწვდი ინფორმაციას მათი შრომითი უფლებების და დასაქამების შესაძლებლობების შესახებ, ვაკავშირებ ადვოკატებთან. შევქმენი ბაზები დამსაქმებლებისა და ბინების გამქირავებლების და ვუზიარებ მათ. ამ ყველაფერს მოხალისეობრივად ვაკეთებ, ამ ჯგუფის მოდერაცია კი ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცა. ეს მსიამოვნებს, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა სხვებშიც ვხედავ გაზიარების, ერთმანეთის დახმარების სურვილს. ასეთი ადამიანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
თუმცა ყოველდღიურად ბევრნაირ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია და ვაღიარებ, ზოგჯერ მიჭირს შევინარჩუნო სიმშვიდე და ვღიზიანდები, როცა ვხვდები ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ცხოვრობენ ემიგრაციაში, მთავრობისგან ზურგშექცეულები, სარგებლობენ ევროპული სიკეთეებით, მაგრამ იკვებებიან რუსული პროპაგანდით.
ჯგუფს 12 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ჩემს მოვალეობად ვთვლი, რომ ჩემს ხელთ არსებული ეს რესურსი ემიგრანტი ქალების გაძლიერებას და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდის გაღვივებას მოვახმარო. მიხარია, რომ მილანის ქართველი ემიგრანტების მომხმარებლებში გამოჩნენ ძალიან ძლიერი და აქტიური ქალები, სწორედ მათი ჩართულობითა და ენერგიით, ერთად შევძელით არაერთი აქაური საპროტესტო აქციის ორგანიზება.
როცა არჩევნებში ემიგრანტებს უამრავი ბარიერი შეგვიქმნეს, საქართველოში კი თავისუფალი საარჩევნო გარემოს ნაცვლად რუსული სპეცოპერაცია ვიხილეთ, ჩვენი, ემიგრანტების ხმები განსაკუთრებით ხმამაღალი გახდა. შევქმენით საკორდინაციო ჯგუფი და არ ვაპირებთ გავჩერდეთ.
გვაქვს შორს მიმავალი გეგმებიც და გავდივართ მოსამზადებელ სამუშაოებს, რადგან იდეა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მოიცავს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რის წინაშეც ხშირად ვდგებით ემიგრანტი ქალები და ეს გამოწვევები თითქმის ყველასთვის იდენტურია.
ასეთ საკითხებზე მუშაობა ძირითადად ღამით გიწევს, როცა სამუშაო დღე დასრულებულია და ეს ყველაფერი არ არის მარტივი – შორს ყოფნა, პირადი პრობლემები და ზრუნვის შრომა, რომელიც თავისთავად არის ძალიან სტრესული. თუმცა არ შეიძლება, რომ გაჩერდე. ფიქრობ ქალებზე, რომლებიც ემიგრაციაში მოძალადე კაცებს გამოექცნენ. ისმენ ქალების ისტორიებს, რომლებსაც ემოციური მდგომარეობა არ აძლევთ მოშვების საშუალებას. ფიქრობ ოჯახზე და ფიქრობ მომავალზე. ფიქრებში გადის საათები, დღეები და წლები…
მჯერა, მნიშვნელოვანია ყველა ემიგრანტმა ქალმა გავაცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი საერთო ფიქრებია, რომლებშიც მარტონი არ ვართ.
ჩვენს ერთობას, ურთიერთმხარდაჭერას და ხმების გაერთიანებას შეუძლია ჩვენი გაძლიერება. დღეს კი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში, ჩვენი სიძლიერე ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.