ოთახი, რომელიც კაფსულად იქცევა
ავტორი: მეგი ქვეითაია
შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში მეშინოდა სიტყვა – „ისტერიჩკის”. მეგონა, რომ თუკი ამ სიტყვით მომმართავდნენ მომენტალურად დავპატარავდებოდი, უფერული გავხდებოდი და ვეღარაფერს გავაკეთებდი ისე, როგორც აქამდე იყო. ამიტომაც, სულ გავურბოდი ამ სიტყვას და ამოფარებული ვიყავი დამჯერი, მშვიდი და წყნარი გოგოს ხატს.
თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ძველმა ნაცნობმა მომაძახა, რა გჭირს, ის დღეები გაქვს და მაგიტომ იქცევი ასე ისტერიჩკასავითო?
ამ სიტყვების გაგონებისთანავე ჩამოიშალა ყველა ის შიში, რომლებიც ამდენი წელი ზურგზე მქონდა აკიდებული და დაუღალავად ვატარებდი, და წინა პლანზე გადმოვიდა ის უდიდესი ბრაზი, რომელიც გოგოებში ბავშვობიდან გროვდება და გასაქანს არ გვაძლევს.
- მეგ, არაუშავს რომ დაბალი ხარ, ხომ იცი, ბიჭებს დაბალი გოგოები მოსწონთ
- მეგი, შავგრემანი ხარ და ეს თმა აქედანვე უნდა მოიშორო, ჩანს და გოგოს ეგ არ შეეფერება.
- მეგუნა, ცოტა მოგიმატებია. ჯერ პატარა ხარ, მაგრამ მერე ხომ გინდა რომ ბიჭებს მოეწონო და დიეტა მოგიწევს!
- მეგ, რა პატარა ხარ, შენ არ იზრდები ხო?
- უი, მეგი, ძალიან გახდი და არ შეიძლება ასე! ბავშვი ხომ უნდა გააჩინო და ცოტა მეტი ჭამე ჯანმრთელობისთვის
ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ფრაზების, რომლებიც მოზარდობის ან სტუდენტობის პერიოდში მესმოდა. მათი გაგონებისას კი ყოველთვის მახსენდებოდა ბავშვობაში ნანახი გადაცემა, სადაც ადამიანებს გამოცდას უწყობდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში ქალი შეუშვეს ოთახში, რომლის კედლები და ჭერი ნელ-ნელა მოძრაობდა, ოთახი პატარავდებოდა და ამ ქალსაც მოუწია, რომ მოხრილიყო, იატაკზე დამჯდარიყო და დალოდებოდა იმ მომენტს, რომლის იქეთაც შეუძლებელი იქნებოდა კაფსულაში დარჩენა.
ზუსტად ამგვარ პირობებში ვცხოვრობთ ჩვენც, როდესაც მენსტრუაციის გამო ისტერიჩკას გვეძახიან ან ლამის ყოველ დილით ჩვენს წონას თუ სიმაღლეს ზომავენ.
ეს კვალი კი არსად არ იკარგება. გვემჩნევა და ვლინდება ყველგან, სადაც ამისი საშუალება გვეძლევა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ხომ ისედაც ტაბუირებული თემაა ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა როდესაც ამგვარ პრობლემებზე საუბრობ და ხაზს უსვამ იმ ფაქტს, თუ როგორ ზიანდები მსგავსი კომენტარებით, ან როგორ აზიანებ სხვას, ხშირად განზე გწევენ და არ გისმენენ.
შფოთვა
დეპრესია
პანიკური შეტევები
სტრესი
სხეულის დისმორფული აშლილობა
კვებითი აშლილობა
ამ ჩამონათვალის უკან ხშირად მსგავსი ტიპის კომენტარები თუ დამოკიდებულებები დგას, რომლებსაც ვამბობთ და არ ვიცით, ადრესატს რამხელა ტრავმას ვაყენებთ და რა შედეგები მოყვება ჩვენთვის უწყინარ სიტყვებს.
ალბათ ხშირად გინახავთ მოზარდები, რომლებიც შიმშილობენ ან შეგხვედრიათ ფოტოები, რომლებსაც ფილტრები ადევთ, რათა ადამიანმა მიიღოს ის აღიარება თუ კმაყოფილება, რომელსაც მისი ბუნებრივი სხეული არ/ვერ აძლევს. პრობლემის წყარო კი არაერთია, იქნება ეს დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტები თუ პატრიარქალური სისტემა. ამგვარი გზები კი აზიანებს ადამიანების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც და შედეგად ვიღებთ რეალობას, რომელშიც ვკარგავთ საკუთარ თავებსაც და ვცდილობთ მოვერგოთ ფრაზებსა თუ კომენტარებს, რომლებიც სტიკერებივით დაგვაკრეს. მათი მოშორება კი უდიდეს გამბედაობას მოითხოვს და საერთოდ არ არის თავის დაღწევა მარტივი. ისეთი მარტივი, როგორც ამას ხშირად გვასწავლიან მასკულინური და პატრიარქალური სისტემის გავლენების შესამსუბუქებლად, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სხეული ან მივიღოთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ვართ.
გზა რთულია, ბევრი დაბრკოლებითაა სავსე და უამრავი ისეთი ნაბიჯისგან შედგება, რომლებიც ძალას გაცლის, გფიტავს და გაბრაზებს ამ ყველაფერზე. თუმცა, სანამ ბოლომდე გავთავისუფლებდით ამ მავნე და მახინჯი რეალობისგან, უნდა დავიწყოთ მარტივი ნაბიჯების გადადგმა.
ამიტომაც, მგონია, რომ თუკი იმ ოთახში ხარ, რომლის კედლებიც შენსკენ მოიწევენ და თავს ვერ აღწევ, ხმამაღლა თქვი, რომ აღარ გინდა კაფსულაში ცხოვრება.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.