მარტო ყოფნის ხიბლი
ავტორი: თინათინ ქარელი
Განმარტოება საკუთარ თავთან დაბრუნებისთვის
Თურმე პირადი სივრცის განცდა ძალიან მცირე ასაკიდან მქონდა. Მშობლები მიყვებიან, რომ Ძლიერ დისკომფორტს განვიცდიდი, როდესაც სიმყუდროვეს მირღვევდნენ. Ვტიროდი, თუ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანდნენ ხელში ან თუ ჩემს სივრცეში უნებართვოდ შემოიჭრებოდნენ, როდესაც ფანტაზიას გზას ვუხსნიდი და თავდავიწყებით ვერთვებოდი თამაშის პროცესში, მარტო ყოფნა მიყვარდა.
Როდესაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, შემეძლო მარტოობით დავმტკბარიყავი.
Მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, Ვეღარც კი ვიხსენებ, როდის დავივიწყე მარტოობის ხიბლი.
Ისე მოხდა, რომ სოციალურად აქტიურ ქალად ჩამოვყალიბდი, უამრავი მეგობარი შევიძინე და თითზე ჩამოსათვლელია ჩემი ხანგრძლივად განმარტოების შემთხვევები. Ერთხელ, ხათრიანობას, ოჯახურ-ნათესაურ პასუხისმგებლობებსა და საკუთარ სურვილებს შორის დაჭედილს, გამახსენდა, რომ მარტოობის შეუძლებლობა “სახიფათო სიმპტომიც” კი შეიძლება იყოს. Ეს ტერმინი ანდრეი ტარკოვსკიმ გამოიყენა, როდესაც ახალგაზრდებისთვის რჩევის მიცემა სთხოვეს. Მისი სათქმელი ასე ჟღერდა – „მხოლოდ იმის თქმა მინდა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ უნდა ისწავლონ მარტო ყოფნა და რაც შეიძლება მეტი დროის გატარება საკუთარ თავთან…. მნიშვნელოვანია, ადამიანი არ იწყენდეს საკუთარ თავთან, საკუთარი თავისგან გაქცევის ტენდენცია სახიფათო სიმპტომია”.
Მახსოვს, მაშინ ეს პერსპექტივა საკმაოდ მომხიბვლელად მეჩვენა, თუმცა დღეს აღარ მჯერა, რომ ადამიანები ყოველთვის ნებაყოფლობით გარბიან მარტოობისგან. Სოციო-კულტურულ რეალობაში გარკვევამ, იმ ქალებზე დამაფიქრა, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სივრცე განმარტოებისთვის, რომლებსაც საკუთარი კუთხეც კი არასოდეს ჰქონიათ.
Ბრძოლა განმარტოებისთვის
ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, ვირჯინია ვულფი ამბობდა „ საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს სჭირდება ფული და საკუთარი ოთახი“. ამ პერიოდში ქალებს იშვიათად თუ ჰქონდათ შესაძლებლობა, განმარტოებულიყვნენ და დრო საკუთარი შემოქმედებისა და თვითრეალიზაციისთვის დაეთმოთ. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალების პირადი სივრცის საჭიროება განსაკუთრებით იყო უგულებელყოფილი. ქალს აღიქვამდნენ, როგორც მუდმივად ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე მზრუნველს, საკუთარი ინტერესების არმქონეს, გარშემომყოფების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებულ ფიგურას. ფემინისტური მოძრაობები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აქტიურად იბრძოდნენ ქალების დამოუკიდებლობის, საკუთრებისა და პირადი სივრცის უფლებებისთვის. რა თქმა უნდა, ამ უფლებების ფორმალურად მინიჭებას ფასი არ ექნებოდა, თუკი საზოგადოებაში არ გადაიხედებოდა დამკვიდრებული შეხედულებები გენდერული როლების შესახებ.
თუ დღევანდელ რეალობას კრიტიკული თვალით შევხედავთ, გავაცნობიერებთ, რომ ამ სიტყვების წარმოთქმიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ვიბრძვით საკუთარი ოთახის, საქმის მშვიდად შესრულებისა და პირადი შემოსავლის ქონის უფლებებისთვის.
Ბევრჯერ მიფიქრია იმის შესახებ, რომ სოციო-კულტურული ნორმების გაშინაგნების, წნეხის, თუ ჩვევად ქცეული კოლექტიური ყოველდღიურობის გამო, თითქოს იძულებულნი ვართ, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიყოთ სხვებისთვის. ხშირად გარშემომყოფებისთვის, ახლო ადამიანებისთვისაც კი აღვიქმებით, როგორც რომელიმე სისტემის ნაწილი, მაგალითად, ოჯახთან, მეგობრებთან ან პარტნიორთან მიმართებით და არა როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, საკუთარი, უნიკალური ისტორიითა და გამოცდილებით.
Განმარტოება საკუთარ თავთან დაბრუნებისთვის
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ განმარტოების შესაძლებლობა დაკავშირებულია ემოციების რეგულაციის, სტრესის შემცირებისა და იდენტობის ჩამოყალიბების პროცესთან და დადებითად აისახება კარგად ყოფნის განცდასა და კრეატიულობაზე. სოციალური ორომტრიალიდან დისტანცირების შესაძლებლობა არსებითია საზრისის შემცველი ურთიერთობების დამყარებისთვის, თვითშემეცნებისა და ფსიქიკური კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახებში, რომლებიც რამდენიმე თაობისგან შედგება, მათ გარემოცვაში აღვნიშნავთ დღესასწაულებს, სიამოვნებით ვატარებთ დროს მეგობრებთან, ვზრუნავთ ახლობლებზე და ეს მშვენიერია. თუმცა ხანდახან სასიცოცხლოდ გვჭირდება დიალოგი მხოლოდ საკუთარ თავთან. განმარტოება და თვითშემეცნების შესაძლებლობა.
ჩვენ გვჭირდება საკუთარი ოთახი, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ რეალობაში. Გვჭირდება სივრცე ფიქრისთვის, სიჩუმისთვის, გაუჩინარებისთვის, აღდგენისთვის, საკუთარ თავთან დაბრუნებისთვის.
To Be Alone
“For now she need not think of anybody. She could be herself, by herself. And that was what now she often felt the need of – to think; well not even to think. To be silent; to be alone. All the being and the doing, expansive, glittering, vocal, evaporated; and one shrunk, with a sense of solemnity, to being oneself, a wedge-shaped core of darkness, something invisible to others… and this self having shed its attachments was free for the strangest adventures.
Virgina Woolf, in ‘To the Lighthouse’
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.