ზოგი ჭრილობა უხილავია
ავტორი: თინათინ ქარელი
რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა
„მე გავაკეთებ, შენ რატომ უნდა დაიღალო?“, „შენი ხელფასი ჩვენ მაინც არაფერს შეგვიცვლის, რატომ უნდა იწვალო?“, „უშენოდ მოვკვდები”, „ მხოლოდ შენი იმედი მაქვს“ – რას ვიგრძნობთ, თუკი ამ ფრაზებს გვეტყვიან?
რა უნდა იყოს ცუდი იმაში, რომ გვიფრთხილდებიან, ჩვენზე ზრუნავენ, გვაფასებენ და ჩვენი იმედი აქვთ?
თუმცა თუკი ერთხელ მაინც ვყოფილვართ ფსიქოლოგიური ძალადობის ობიექტი, ამ ფრაზებმა, შესაძლოა, ინტენსიური ემოციები აღგვიძრას, დისკომფორტი ვიგრძნოთ გულ-მკერდის არეში ან „ყელში ბურთის“ განცდა გაგვიჩნდეს.
ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება განვმარტოთ, როგორც ქმედებების ერთობლიობა, რომელიც გრძელდება რეგულარულად და მოიცავს ადამიანის დამცირებას, დაშინებას, ჩიხში მოქცევას, დადანაშაულებას, იზოლირებას, კონტროლს და მისი პირადი საზღვრების სისტემატურ რღვევას. ფსიქოლოგიური ძალადობის ამოცნობა განსაკუთრებით რთულია, რადგან ხშირად მზრუნველობით, ყურადღებით, განებივრებით, თუ მსხვერპლის როლის მორგებით არის შენიღბული.
Მახსოვს, როდესაც წავიკითხე, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება გამოვცადოთ, გამიკვირდა – Როგორ შეიძლება ადამიანებმა, რომლებსაც ზუსტად ვიცით, რომ ვუყვარვართ, ზიანი მოგვაყენონ? Ზოგჯერ, ის, ვინც ფსიქოლოგიურ ძალადობას მიმართავს, ვერ აცნობიერებს, როგორ გვტკენს ან გვიზღუდავს დამოუკიდებლობას, რომ საზღვრებს გვირღვევს და ზედმეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. Ეს შეიძლება იყოს დედა, მამა, მეუღლე, და-ძმა, უფროსი, დაქვემდებარებული, მეგობარი და შვილიც კი. Ცხადია, Არცოდნა ზრდასრულ ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სწორი კომუნიკაციით, გაზიარებით და თუნდაც ფსიქოთერაპიის დახმარებით, ურთიერთობის გაჯანსაღება შევძლოთ. Ზოგჯერ კი, მოძალადისგან განშორება გარდაუვალია. Სწორედ ამიტომ, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ და ფაქტები ყურადღებით ავწონ-დავწონოთ.
Ფსიქოლოგიური ძალადობა რომანტიკულ ურთიერთობებში
Ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ ტოქსიკურ ურთიერთბებზე და მათგან თავის დაღწევის აუცილებლობაზე. Ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რომანტიკულ ურთიერთობებში შესვლა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად რამხელა გამბედაობას მოითხოვს. Დარწმუნებული ვარ, რომ ნდობა, ჯანსაღი ურთიერთობისთვის არსებითი კომპონენტია, თუმცა Სანამ ნდობა გაგვიჩნდება უნდა ვირწმუნოთ, რომ სწორად ამოვიცანით ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია ჩვენი ფაქიზი, ინტიმური, შეუნიღბავი მხარე ვანახოთ და გვჯეროდეს, რომ არ დაგვაზიანებს. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც განუცდია საფრთხის შეგრძნება ან უფიქრია, რომ რისკზე მიდის, როდესაც ახალ ურთიერთობას იწყებს.
Როცა რაღაც ისე ვერ არის
Იმ შემთხვევაში თუ რეალობა მკვეთრად სცდება ჩვენს მოლოდინებს და მუდმივ დაძაბულობასა და შიშს ვგრძნობთ, თითქოს ვმარცხდებით. გვიჭირს დაჯერება, წამლეკავ ემოციებს განვიცდით – “როგორ შეიძლება ასე შევცმდარიყავით? “, “ ნამდვილად რაღაც გვეჩვენება”.
Გარდა ამისა, ფსიქოლოგიური ძალადობის დროულად ამოცნობაში ხშირად ხელს მოძალადის მანიპულაციური ქცევა გვიშლის, დანაშაულის გრძნობას გვიღვივებს, მის მიერ გამოხატული სითბოს, სიცივის, ბრაზის ემოციები არაკანონზომიერად ენაცვლება ერთმანეთს, რაც გვაბნევს და ჩიხში გვაქცევს. Მსგავსი ტიპის ძალადობის დროს ხშირად ვშორდებით ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, რადგან ჩვენი იზოლირება მოძალადის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
Ვფიქრობ, ამერიკელი ფსიქიატრი და მკვლევრი, ჯუდიტ ჰერმანი, ზუსტად აღწერს ფსიქოლოგიური მოძალადის ქცევის ტენდენციას – „ის (მოძალადე) ცდილობს მსხვერპლს საკუთარ თავში ეჭვი შეატანინოს. ხოლო თუ მის გაჩუმებას ვერ ახერხებს, მაშინ უნდა დარწმუნდეს, რომ მას (მსხვერპლს) არავინ მოუსმენს“. Თითქოს ვიჯერებთ, რომ მართლაც აღარავინ მოგვისმენს.
მარტონი ვრჩებით ამ გამოცდილებასთან და არავინ გვყავს გარშემო, ვისთანაც ჩვენი ემოციებისა და ეჭვების საფუძვლიანობას გადავამოწმებთ.
Როგორ მივხვდეთ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ობიექტი ვართ?
ფსიქოლოგიური ძალადობის გზები მრავალფეროვანია, ეს შეიძლება იყოს ისეთი ქმედებები, როგორებიცაა ყვირილი, მუქარა ( მაგ., „ან ჩემთან იქნები, ან არავისთან“) სოციალური ქსელების კონტროლი, თვალთვალი, დამცირება (მაგ., „ჩემ გარდა შენ ვინ შემოგხედავს“) მეორე მხრივ კი ისეთი ირიბი ფორმები, როგორებიცაა თვითდაზიანებით დამუქრება (მაგ., „თავს მოვიკლავ შენ გამო“, „უშენოდ ვერ ვიცოცხლებ“) და თავის მსხვერპლად წარმოჩენა („მე შენთვის ყველაფერი დავთმე“, „შენ გამო ვარ ასე ცუდად“). მსხვერპლის როლით, მზრუნველობითა და „ხუმრობით“ შენიღბული ფსიქოლოგიური ძალადობა განსაკუთრებით რთულად ამოსაცნობია.
Საქმე ისაა, რომ შეგონებებით, განსჯითა და დირექტიული ტონით, ერთმანეთს ვერ დავეხმარებით, ეს პროცესი არ არის სწორხაზოვანი და ხშირად პატარ-პატარა დამარცხებებისა და გამარჯვებების მონაცვლეობაა.
Რატომ გვიჭირს ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დაღწევა?
ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დაღწევას ის ფაქტი ართულებს, რომ მოძალადე გვირყევს თვითრწმენას და გვაფიქრებინებს, ჩვენი აზრები და განცდები რეალობას აცდენილია.
რიგ შემთხვევებში კი შეიძლება ემპათიური მიდგომით მოვახდინოთ პარტნიორის ქცევის ნორმალიზება და გავამართლოთ ის სხვადასხვა მიზეზით (მაგ., „მძიმე სამუშაო აქვს“, „რთული ბავშვობა ჰქონდა“ და ა.შ.). თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ, რომ საკმარისად ვერ ვუგებთ, გულს ვტკენთ, ვერ ვეხმარებით და ა.შ.
ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება რომანტიკულ ურთიერთობებში, დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სომატური (სხეულებრივი) სიმპტომები.
ჭრილობები, რომლებსაც ფსიქოლოგიური ძალადობა ტოვებს, კანის ზედაპირზე არ ჩანს, ტკივილი, რომელსაც ის გვაყენებს, მედიკამენტებით არ ყუჩდება.
ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც პერმანენტულად მიმდინარეობას, პიროვნულად გვარყევს, გვილახავს ფუნდამენტურ უფლებებს. მათ შორის, თავისუფლების, გამოხატვის, განათლების მიღების, გადაწყვეტილების მიღების უფლებას. უფლებებს, რომლებიც არსებითია იდენტობის ჩამოყალიბებისთვის.
ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც თავს ვერ ვაღწევთ, გვაშორებს საკუთარ თავებსაც კი და თითქოს გვაუჩინარებს.
Წარმოიდგინეთ, როგორი რთულია, რომ დავტოვოთ ადამიანი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ არაფერს წარმოვადგენთ, რომ სიყვარულის ღირსი არ ვართ და გაგვიმართლა, რომ მან აგვირჩია. Ან თუნდაც ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას გვაკისრებს თავის სიცოცხლეზე, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ჩვენი წასვლით მას დავღუპავთ.
როდესაც რეგულარულად გვირღვევენ პირად საზღვრებს და ამდენად ვართ დაზიანებულები, მოძალადის დატოვება განსაკუთრებით მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე ალბათ ჩვენი დგომარეობის ამოცნობა და აღიარებაა. Მას მოსდევს გაზიარება და სოციალური კავშირების აღდგენა. თითქოს თავიდან უნდა დავიბადოთ, თავიდან ვენდოთ სამყაროს. Ახლადდაბადებულებს კი ყველაზე მეტად სწორედ გარესამყაროსთან მეგობრებთან, მხარდამჭერ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენა გვჭირდება, რომლებიც ამ რთული და გრძელი გზის გაკვლევაში უნდა დაგვეხმარონ.
ბლოგი შექმნილია პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.